შინაარსზე გადასვლა

Toyota Prius C

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Toyota Prius C ვაშინგტონში, 2012 წელი.

Toyota Prius C (c აღნიშნავს „ქალაქს“), იაპონიაში Toyota Aqua (aqua ლათინურად „წყალი“) — სრული ჰიბრიდული ბენზინ-ელექტრო სუბკომპაქტური ჰეჩბეკი, რომელსაც აწარმოებს და ყიდის კომპანია Toyota Motor Corporation-ი. Prius c არის Prius-ის ოჯახის მესამე წევრი და აერთიანებს Yaris-ის ზომის მანქანის მახასიათებლებსა და ჰიბრიდულ სისტემას. Prius c-ს უფრო დაბალი ფასი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ Prius-ს და როგორც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ტესტებმა აჩვენა, წვის მხრივ არის გაცილებით ეკონომიური. სააგენტომ Prius C აღიარა 2012 წლის ყველაზე ეფექტიან კომპაქტურ მანქანად წვის მხრივ, თუ არ ჩავთვლით სრულ ელექტრომობილებს.

Aqua-ს საწარმოო ვერსია 2011 წელს, ტოკიოს მოტორ-შოუზე წარმოადგინეს; Prius c-ს საწარმოო ვერსია კი 2012 წლის იანვარში, დეტროიტის ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე. Aqua იაპონიაში 2011 წლის დეკემბერში გაეშვა და მისი ფასი 1,69 მილიონ იენას (21 700$) შეადგენდა. აზიის რამდენიმე ბაზარზე გაყიდვები 2012 წლის იანვრარში დაიწყო. აშშ-სა და კანადაში Prius c 2012 წლის მარტში გამოჩნდა, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში კი აპრილში.

სახელი Aqua მიიჩნევა ყველაზე წარმატებულ იაპონურ ბრენდად ბოლო 20 წლის განმავლობაში. 2017 წლის იანვრის მონაცემებით, Aqua/Prius c არის Toyota Motor Corporation-ის მიერ წარმოებული მეორე ყველაზე გაყიდვადი ჰიბრიდი ჩვეულებრივი Prius-ის შემდეგ; მსოფლიოში გაყიდული იყო 1,380,100 ერთეული. ამავე პერიოდის მონაცემებით, ბაზრის ლიდერია იაპონია, 1,154,500 გაყიდული ერთეულით. ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, 2013-2015 წლებში, Aqua ყველაზე გაყიდვადი ახალი მანქანა იყო იაპონიაში.

Toyota Prius C-ის კონცეპტუალური მანქანა 2011 წელს, დეტროიტში, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე წარმოადგინეს. როგორც Toyota-მ განმარტა, Prius c-ში „c“ აღნიშნავს „ქალაქს“ — ჩვეულებრივ Prius-ზე უფრო პატარა მანქანა, რომელიც გათვლილია ახალგაზრდა, დაუოჯახებელ მყიდველებზე, რომელთაც ბევრი სივრცე არ სჭირდებათ.

2011 წელს, ტოკიოს მოტორ-შოუზე, Toyota Aqua-ს საწარმოო ვერსიასთან ერთად, ავტომწარმოებელმა ასევე წარმოადგინა Aqua-ს ორი სხვა კონცეპტი — Aqua Kiriri და Aqua Piriri ვერსიები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]