ქანი (გეოლოგია)
ქანი — დედამიწის ქერქის ამგებ მინერალთა აგრეგატი (მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც ქმნის დამოუკიდებელ გეოლოგიურ სხეულს. ქანი სხვადასხვა შედგენილობის მინერალების მექანიკური ერთობლიობაა. თითოეულ ქანს ახასიათებს მინერალური შედგენილობის (ქანთმაშენი მინერალების პროცენტული შეფარდება) მეტნაკლები მუდმივობა. ქანები ერთმანეთისაგან განსხვავდება აგრეთვე სტრუქტურით, ტექსტურითა და ფიზიკური თვისებებით (სიმკვრივე, სხვადასხვა მექანიკური, თბური, ელექტრული, მაგნიტური და სხვა თვისებები). წარმოშობის მიხედვით გამოიყოფა ქანების 3 ძირითადი ჯგუფი: მაგმური ქანები, დანალექი ქანები და მეტამორფული ქანები.
1) მაგმური ქანები:
წარმოადგენს მაგმის გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილ ქანებს. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს: ეფუზიურს (ვულკანურს, ამონთხეულს), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება და ინტრუზიულს (სიღრმულს), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება.
2) დანალექი ქანები:
წარმოადგენს ოკეანურ, ზღვიურ, ტბიურ აუზებში, ჭაობებსა და მდინარეეებში დედამიწის ქერქის გამოფიტვისა და ვულკანიზმის პროდუქტების, აგრეთვე ორგანული ნაშთების დალექვისა და მათი დიაგენეტურ-კატაგენეტური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ ქანებს. გეოტექტონიკური ნიშნების მიხედვით განარჩევენ გეოსინკლინურ, ბაქნურ ან გარდამავალი ზონის დანალექ ქანებს, ხოლო სედიმენტაციის გარემოს მიხედვით - ზღვიურ, ტბიურ, მდინარეულ, ჭაობის, მყინვარულ, ეოლურსა და სხვა.
3) მეტამორფული ქანები:
დედამიწის წიაღში ტემპერატურის, წნევისა და ფლუიდების გავლენით გარდაქმნილი დანალექი ან მაგმური ქანებია. მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეტამორფულ ქანებს უწოდებენ ორთოქანებს, ხოლო დანალექი ქანების შეცვლის შედეგად წარმოქმნილს — პარაქანებს.
მაგმური და მეტამორფული ქანებითაა აგებული დედამიწის ქერქის მოცულობის დაახლ. 90%, დანალექი ქანებით მხოლოდ — 10%, თუმცა მათ დედამიწის ზედაპირზე ფართობის 75% უკავიათ. დადგენილია, რომ დედამიწის ქერქის ზოგიერთი ქანების მსგავსი ქანებითაა აგებული დედამიწის ზედა მანტია, მთვარის, ვენერასა და მარსის ზედაპირი. ქანებს იკვლევს გეოლოგიის დარგი — პეტროგრაფია.
ქანებს როგორც სამთო დამუშავების ობიექტს, ახასიათებს სხვადასხვა ტექნოლოგიური თვისებები (სიმაგრე, აბრაზიულობა, სისალე, ბურღვადობა და სხვ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 454.